საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიაში მსოფლიო სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპზე წარდგება

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა. ნაკრები 7-8 სექტემბერს მსოფლიო სერიის დასკვნით ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიო დე ჟანეიროში 100%-იანი შედეგით, ოთხი მონაწილიდან ოთხი ჩემპიონით დაასრულა ასპარეზობა.

ხორვატიაში საქართველოს ნაკრები უცვლელი შემადგენლობით იჭიდავებს: ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ).