საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება, ჰაერის ტემპერატურა უახლოესი დღეების განმავლობაში მოიმატებს

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით ტემპერატურის მომატებასთან ერთად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ქარი დღეს საღამოს ჩადგება.

„მოსალოდნელია გამოდარება. უახლოესი დღეების განმავლობაში მთელ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით +31, ხოლო სანაპირო რაიონებში +26-27 გრადუსამდე.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში მოსალოდნელია +25-27 გრადუსი. შესაბამისად, ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.“ – განაცხადა დოდო გვაზავამ.