საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის გათანაბრდეს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები შესაძლოა, ყველა კლინიკისთვის გათანაბრდეს , – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს.

„ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით, რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ტიკარაძე განმარტავს, რომ აღნიშნული არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციასა და ხარისხს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით , ამ დრომდე სახელმწიფო არ მონაწილეობდა კლინიკების მართვაში. მომდევნო წლებში კი, სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბრად კონკურენტუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს.