სკოლების შეფასების სისტემა შეიცვლება-პროფესიული განვითარების ცენტრი

განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლების და სკოლის ხელმძღვანელების შეფასების სისტემა შეიცვლება.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის  განცხადებით,  სკოლების კომპლექსურ შეფასებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ბერიკა შუკაკიძის თქმით,აღნიშნული  თავისთავად  ახალი ხედვის ფარგლებში სკოლების დაფინანსების სისტემის შეცვლასაც გულისხმობს.

” ჩვენ ვფიქრობთ სკოლის კომპლექსურ შეფასებაზე, რომელიც ხუთ კომპონენტს მოიცავს: სწავლა-სწავლების პროცესი, დისციპლინა, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სკოლების ეს კომპლექსური შეფასება არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული. არ შეიძლება, ხვალ მივადგეთ რომელიმე კონკრეტულ სკოლას და დავხუროთ, რადგან ამ ხუთი კომპონენტის მიხედვით ვერ მუშაობს კარგად. როგორ შეიძლება სახელმწიფომ დასაჯოს სკოლა იმისათვის, რომ თვითონ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას? ამიტომ სკოლის შეფასების თითოეულ ამ კომპონენტს ექნება სამი-ოთხი დონე. ვთქვათ სკოლას დავუდგინეთ, რომ ისინი არიან მესამე დონეზე. დირექტორის პასუხისმგებლობა არის ის, რომ სტრატეგიული გეგმა შეიმუშავოს და მობილიზება გააკეთოს სასწავლო პროცესის ისე, რომ მომავალ წელს ისინი გადავიდნენ მეორე დონეზე. ამისათვის მათ დასჭირდებათ მეტი თანხა. შესაბამისად, სკოლების ყბადაღებული ვაუჩერული დაფინანსება გადავა უფრო მიზნობრივ დაფინანსებაზე ანუ სადაც გვიჭირს, იქ დავხარჯავთ თანხას“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მასწავლებლის შეფასება ყოველწლიურად მის მიერ მიღწეული შეფასებით უნდა მოხდეს.

„დაფაზე ყველა მწვრთნელს შეუძლია მოიგოს თამაში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელსაც უნდა მოერგოს შემდგომ ეროვნული სასწავლო გეგმა და მას უნდა მოერგოს სასკოლო სასწავლო გეგმა. როგორც ჩვენ საერთაშორისო შეფასებები გვაჩვენებს, დიდად ვერ დავიკვეხნით შედეგებით, თუმცა პროგრესი გვაქვს. განათლება არ არის იაფი პროდუქტი, ჩვენ განათლების ეროვნული მიზნები რომ დავწეროთ და ეს მასწავლებლებს ვაჩვენოთ, აბა ახლა მიაღწიეთ ამას, ეს ასე არ მოხდება. ამიტომ გაჩნდა უკვე სტატუსთან მიბმული ანაზღაურება.

თუ თქვენ, მასწავლებელს, ერთხელ სტატუსი მოგანიჭეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით და შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა მაგალითად, რამდენი ათოსანი ეყოლება მას კლასში“, – აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

 

წყარო : edu.aris.ge