მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას ,,ლელო” ერქმევა

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. ამის შესახებ ორგანიზაციის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე გალაკტიონის ლექსი – „,მშობლიურო ჩემო მიწავ“ წაიკითხა.

პრეზენტაციაზე ხაზარაძემ ანაკლიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ანაკლია არის ადგილი,სადაც უზარმაზარი პოტენციალის პროექტი უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ახლა ანაკლიაში ვიმყოფებით, იმ ადგილას, სადაც ე.წ. საზღვარი გვყოფს ჩვენ ძმებს, ჩვენ აფხაზებს; ადგილას, სადაც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან; ადგილი, სადაც უნდა მოხდეს პრაქტიკულად ახალი შემობრუნების წერტილი, შემობრუნების მომენტი ქართულ სინამდვილეში, ჩვენს სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. ეს არის ადგილი, სადაც უზარმაზარი პოტენციალის უზარმაზარი პროექტი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება, სადაც შეიქმნება უამრავი სამუშაო ადგილი და შესაძლებლობა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია – ფუნქცია სამეზობლოში, ფუნქცია რეგიონში და მსოფლიო რუკაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი კონტრიბუცია ამ უზარმაზარ გადანაწილებაში, რასაც გზების, ტრანსპორტისა და თუნდაც პოლიტიკის მნიშვნელობა ჰქვია.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვდგავართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის და სწორედ აი აქედან, უნდა ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე

მისი თქმით, 12 ლიდერს ყველა სფეროში ეძებს.

„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.