“მდგომარეობა ძალიან მძიმეა” -დაშავებულ მამაკაცს ანტიშოკური მკურნალობა უტარდება

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, მას სხეულის 60%-ზე აქვს დამწვრობა მიღებული და ამ დროისთვის ინტენსიური ანტიშოკური მკურნალობა უტარდება.

“პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, 60% არის დაზიანებული, სასუნთქი გზების დაზიანება აქვს პაციენტს. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური, ანტიშოკური მკურნალობა, პროგნოზებისგან, ჯერჯერობით, თავს შევიკავებთ. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. გონზეა პაციენტი, სასუნთქი გზების დაზიანება აქვს გარკვეული ხარისხით, მაგრამ ჯერჯერობით, მართვით სუნთქვაზე არ არის,” – აცხადებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი გიორგი დავლიანიძე.

გავრცელებული ინფორმაციით,39 წლის მამაკაცი მარტო ცხოვრობდა, აფეთქების შემდეგ ის სამაშველო სამსახურს თავად დაუკავშირდა.