ანაკლიის კორსორციუმი-ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის კორსორციუმთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.  უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას  ითვალისწინებს და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და დროულად აწვდის საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ.

ვინაიდან გუშინ, 15 ოქტომბერს, უშედეგოდ ამოიწურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის მშენებლობის თაობაზე საინვესტიციო ხელშეკრულების მორიგი და ერთ-ერთი ბოლო ცვლილებით განსაზღვრული კონსორციუმის შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს მთავრობის, როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მანამდე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისათვის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საქართველოს მთავრობისთვის უნდა წარმოედგინა:

– შეთანხმებები პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე და

– საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები, 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა კაპიტალის შევსების ვალდებულება ნაწილობრივ, ხოლო ბანკებთან მიღწეული შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება საერთოდ ვერ შეასრულა, რაც საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოშალოს ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის მნიშვნელობას და ამ ეტაპზე უარს ამბობს ხელშეკრულების მოშლის უფლების გამოყენებაზე.

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე მიაღწიოს საერთაშორისო ბანკებიდან წერილობით შეთანხმებას პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრაქტიკულად ყველა ვალდებულების შესრულების ვადა 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს რამდენჯერმე გადაუვადა. ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოძიების ვადა 2017 წლის 15 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე, შემდეგ 2018 წლის 31 დეკემბრამდე, 2019 წლის 30 ივნისამდე და ბოლო, მე-12 ცვლილებით 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:

– პროექტის პირველი ფაზისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისათვის (ფინანსური დახურვისთვის) საჭირო სასესხო ხელშეკრულებების ამოქმედება;

– ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;

– პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება;

– შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;

– საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება.

იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის მიმართ საქართველოს მთავრობის მორიგი მხარდაჭერა შედეგიანი იქნება და კონსორციუმი შეძლებს საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებას.”- აღნიშნულია განცხადებაში.