„ევროპული საქართველო“ მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს.

„თუ მეუფე იაკობს ექნება სურვილი, გვინდა, მოვიწვიოთ პარლამენტში. საპარლამენტო ფორმატში მოყვეს ყველაფერი, რასაც საჭიროდ თვლის, რათა ნათელი მოეფინოს „ბურუსით მოცულ ისტორიას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა მეუფე იაკობის განცხადებებს მძიმე ბრალდებებს უწოდებს და გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესებას გენერალური პროკურატურის მოვალეობად მიიჩნევს.

„თუ პროკურატურა არ გაინძრევა, კიდევ ერთხელ გამოჩნდება ორმაგი სტანდარტი, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. შეგახსენებთ, არშემდგარი მკვლელობის დაგეგმვაზე, თუ შეუსრულებელი მკვლელობის ორგანიზებაზე ამ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების რამდენიმე ძალოვანი პასუხისგებაში ჰყავს მიცემული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი შეფასებით, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ადგილი აქვს კონსტიტუციის დარღვევას, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან დაშორებულია.

„რასაც მეუფე იაკობი ამბობს, ხელისუფლების მიერ პატრიარქის გადაყენების მცდელობაა, რომელიც შეიძლება საიმპიჩმენტო პროცედურის დაწყების საფუძველი გახდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ მეუფე იაკობმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს კომენტარებს, რომლებიც გუშინ გავრცელდა მეუფის არაფხიზელ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა ამაზე აქცენტის გაკეთება. შემიძლია ბიბლიიდან ამბავი მოგიყვეთ: თავის დროზე ნოეც დათვრა, მაგრამ ხელი არ შეუშლია იმაში, რომ კიდობანი გააკეთა და კაცობრიობა გადაარჩინა“, – განაცხადა უგულავამ