ნათია თურნავა-,,მოსახლეობამ თუ არ ითანამშრომლა,ძალიან რთული იქნება ასეთი ფაქტების პრევენცია”

თვითონ მოსახლეობამ თუ არ ითანამშრომლა და გაგებით არ მოეკიდა, ძალიან რთული იქნება ასეთი ფაქტების პრევენცია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გურამიშვილის გამზირზე ჟურნალისტებს იმ კორპუსთან განუცხადა, სადაც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.

მისი თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებულებს, მათ შორის მისი უწყების თანამშრომელს, სოსოს ჯავახიშვილს მოინახულებს.

„ძალიან სამწუხარო შემთხვევა არის და ახლა ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა, მათი მდგომარეობა. ახლა პირველ რიგში მინდა, სოსო ჯავახიშვილი და მისი ახლობლები მოვინახულო. ასევე, როგორც ვიცი სხვა დაზარალებულების დიდი ნაწილი გაწერილია საბედნიეროდ, მაგრამ ერთი დაშავებული რჩება სტაციონარში სამწუხაროდ და მასაც მოვინახულებ“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, გაზგამანაწილებელი კომპანიები შემოწმებას გეგმურად ატარებენ ქალაქებსა და სოფლებში, რათა და ხდება იმ გაზის მოწყობილობების ჩაჭრა, რომელიც წესების გარეშეა დამონტაჟებული.

მინისტრი მოსახლეობას მიმართავს და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ სოსო ჯავახიშვილმა, რომელიც აფეთქების შედეგად დაშავდა, „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებს არ გაუღო კარი, მინისტრი ამბობს, რომ „ეს შემთხვევაც არის იმის მაგალითი, თუ რაოდენ ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი“.