პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან

პარამედიკოსები ,სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები,გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, როდესაც ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება.

თალაკვაძის ინფორმაციით, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ. ისინი დაშავებულს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს სასწრაფოს ეკიპაჟი მოემსახურება.

მისივე განმარტებით, გარდა მოტოციკლისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარისთვის იქნება განკუთვნილი.

თალაკვაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკაციანი ელექტრომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავს ლოკაციებზე განთავსდება.