რა შეიცვალა სოკოს საწარმოში-ქალაქის მერი “თეთრი ქუდის” ხელმძღვანელობას შეხვდა

 რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა სოკოს საწარმო ,,თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. ქალაქის მერი ,,თეთრი ქუდის“ კომპოსტის საამქროში, ახალი ტექნოლოგიური ციკლის დანერგვისა და თანამედროვე დანადგარის მონტაჟის პროცესს დაესწრო.

ირაკლი ტაბაღუამ ,,თეთრი ქუდის“ ხელმძღვანელობისგან დაპირება მიიღო, რომ კომპოსტის საამქროში, თანამედროვე დანადგარის მონტაჟისა და ამუშავების შემდეგ, რუსთავში უსიამოვნო სუნი აღარ გავრცელდება.

საწარმოს დირექტორის რენატო გრიგორიანის განცხადებით, ტექნოლოგიური ციკლი შაბათიდან რადიკალურად შეიცვლება. ,,რადიკალურად შეიცვლება ტექნოლოგიური ციკლი, ახალი დანადგარი უკვე შევიძინეთ, მიმდინარეობს მისი მონტაჟი.

 აღნიშნული დანადგარის შეძენაში 65 ათასი ევრო იქნა გადახდილი ჩვენს მიერ. შაბათიდან დანადგარი უკვე მუშა პროცესში უნდა იყოს. ეს დანადგარი აკეთებს შერევის პროცესს, ერთი ბუნკერიდან მეორეში გადააქვს კომპოსტი, ეს ტექნოლოგიური პროცესი გააუმჯობესებს ხარისხს და თავისთავად სუნიც აღარ იქნება,“- განაცხადა, ჟურნალისტებთან საუბარში ,,თეთრი ქუდის“ დირექტორმა რენატო გრიგორიანმა.

 რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, საწარმოს ხელმძღვანელობამ შეასრულა დანაპირები და მთლიანად ცვლის ტექნოლოგიურ პროცესს. ხარვეზების გამოსწორება ამჯერადაც თუ არ მოხდება, საკითხისადმი მისი მიდგომა მომავალში უფრო მკაცრი და რადიკალური იქნება.

,, არ არსებობს მოუგვარებელი საკითხი თუ კი მეწარმეებს ექნებათ სწორი მიდგომა და სწორად ექნებათ გააზრებული ის, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ ფულის მოგების საშუალება და არის ხალხზე ზრუნვაც. შესაბამისად ის პირობა, რაც დადებული ჰქონდა კომპანიას, პირველ ეტაპზე უკვე შეასრულეს. ჩამოვიდა დანადგარები, რომლებიც ტექნოლოგიურ პროცესთან ერთად, პირველ რიგში არასასიამოვნო სუნს მოსპობს ქალაქში. ის პროცესები, რაც ამ ტექნოლოგიით განხორციელდება, პრაქტიკულად სუნს გამორიცხავს საწარმოო პროცესში. მისასალმებელია ეს სიახლე, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, ქალაქში ამ კუთხით მონიტორინგს აქტიურად ვაგრძელებთ და ჩვენი ,,ცხელი ხაზი“ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს. ხარვეზების გამოვლენისას, ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი, უფრო მკაცრი და რადიკალური იქნება. ჩვენ ველოდებით შედეგებს,“ – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.