სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ

სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაწყებულია. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 სასწავლო წლიდან დაინერგება.

ჯაშის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე წარედგინება.

ინიციტივის მიხედვით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.

„ეს არის ინიციატივა, რომელიც უაღრესად დაეხმარება ზოგადად განათლების სისტემას, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული პირები დაინტერესდნენ განათლების სისტემაში პროფესიული კარიერის დაწყებით. ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ დავარეგისტრირებთ ამ ინიცაიტივას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ის უკვე იქნება მიღებული,“ – განაცხადა ჯაშმა.

მისივე თქმით, წინასწარი მონახაზით, მასწავლებლის ასისტენტობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსთამთავრებულებს შეეძლებათ.