ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვაში 10 თვეში ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯა

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. უცნობია, ასევე როდის შეიძენს ახალ ფუნქციას  ამ დროისთვის  უფუნქციო  340-მილიონიანი შენობა. არსებული ინფორმაციით,შენობა ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა.

ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 თვეში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე მისი შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

კერძოდ, პარლამენტის სასახლის დაცვის შემადგენლობაზე გაწეულმა ხარჯმა 10 თვეში 493 234 ლარი შეადგინა. კონკრეტულად ქუთაისის პარლამენტს საშუალოდ 50 ადამიანი იცავს და მათზე 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შრომის ანაზღაურების სახით 485 945 ლარი გაიცა, სპეციალური უნიფორმის ღირებულებამ კი 7 289 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაკარგა, რითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა განისაზღვრა.