7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ დედას ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი. „ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული არ მაქვს. მოგეხსენებათ, საქმე ეხება არასრუწლოვნის ინტერესებს”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეუფარდა თუ არა მოსამართლემ მსჯავრდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან იკვეთებოდა თუ არა სხვა გარემოებებიც, ამასთან დაკავშირებით, ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს, თუ რის საფუძველზე შეეფარდა მოზარდს 6-წლიანი სასჯელი.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 16 წლის დედა 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, 21 მაისს დააკავეს.