პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  “ქართული ოცნების” დეპუტატს მიხეილ ყაველაშვილსა და “ევროპული საქართველოს” წევრ აკაკი ბობოხიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მიხეილ ყაველაშვილმა აკაკი ბობოხიძის გამოსვლას სიცრუის ტირაჟირება უწოდა და  დეპუტატს “კაკოია” ბობოხიძეთი მიმართა.

“არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მჯდომ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს, ორ წუთში თუ მექნება საშუალება, ამათ სახეს დაგანახებთ, თუ რას წარმოადგენენ ესენი. როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ხოლმე ამ ძალას, როგორც იყო ეს 20 ივნისს, დავინახეთ ხომ ყველამ რისი გაკეთება უნდოდათ – აქ, შიგნით გამაგრებულნი არიან რომან გოცირიძე და მისი ამფსონები თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ. როგორც კი ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც აგერ კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ახლა,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

ამ განცხადებას აკაკი ბობოხიძის მძაფრი პროტესტი და სავარაუდოდ მიხეილ ყაველაშვილის მიმართ უცენზურო გამონათქვამი მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აკაკი ბობოხიძეს კორექტულობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა საკანონდებლო ორგანოში ასევე,  გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერაიას შორის, ასევე კობა ლურსმანაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის.

სესიის მიმდინარეობისას  რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, პარლამენტში ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.