ავტომობილებში სპეციალური სავარძლის გამოყენება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

კანონპროექტს „საგზაო მოძრაობის შესახებ“,რომელიც სავარძლის გამოყენების ვალდებულებას ითვალისწინებს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვის მსუბუქი ავტომობილით გადაყვანის დროს, სპეციალური სავარძლის გამოყენება სავალდებულო ხდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის ეკა ბესელიას თქმით, დამატებით ღონისძიებებზე მსჯებლობა შემდგომში გაიმართება.

„ბავშვების სიცოცხლისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად, მათი ავტომანქანებით გადაყვანის დროს ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია.12 წლამდე პატარებისთვის არის სპეციალური სავარძლები, ცოტა უფრო დიდებისთვის კი ასამაღლებელი ბალიშები, კიდევ უფრო დიდებისთვის სპეციალური ქამრები, ანუ ღვედები, რომლითაც 42-43 პროცენტით მეტადაა დაცული მათი უსაფრთხოება ავარიების დროს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. შემდეგში ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებებით შეიძლება მიეხმაროს სახელმწიფო, რომ ამ პროცესის სტიმულირება მოხდეს. საბავშვო სავარძლების ღირებულება 40 ლარიდან იწყება და ის მრავალჯერადი გამოყენებისაა“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, განიხილავენ საკითხს, რომ იმ ოჯახების მხარდაჭერა მოხდეს, რომლებსაც საბავშვო სავარძლის შეძენის საშუალება არ ექნებათ.