“ბავშვები გათოშილები არიან” -რუსთავის სამ სკოლაში გათბობა ჯერ კიდევ არ ჩაურთავთ

“ევროპული საქართველოს” წევრის ნინო იმედაშვილის ინფორმაციით, რუსთავის სამ სკოლაში გათბობის სისტემა ჩართული ჯერ კიდევ არ არის.

ოპოზიციური პარტიის წევრის, ნინო იმედაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის გათბობის სისტემა რუსთავის მე-2; მე-3 და მე-16 საჯარო სკოლებში არ ფუნქციონირებს. როგორც იმედაშვილი აცხადებს, გათბობა 15 ნოემბრამდე არ ჩაირთვება, რაც მისი თქმით, “საბჭოთა პერიოდშიც” არ ხდებოდა.

ნინო იმედაშვილის ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოქტომბრის ბოლოს მიმართა. მისივე თქმით,საუბარია დაჩქარებული ,პირდაპირი წესით შესყიდვაზე, რაც კორუფციის რისკებს შეიცავს.

“შევხვდით ბავშვებს,რომლებიც ამბობენ,რომ დილიდან საღამომდე გათოშილები არიან. ეს არის დაუდევრობა ჩვენი მოქალაქეების გადასახადებით აკრეფილი ფულის და  ჩვენი მომავალი თაობის მიმართ, რადგან მათ ჯანმრთელობას ზიანს ვაყენებთ.ზამთარი ყოველ წელს მოდის, უნდა დაგეგმო, რომ არასაჯარო და გაუმჭირვალე პროცესში ამხელა თანხა არ დახარჯო” -აცხადებს ნინო იმედაშვილი,რომელიც ამ დროისთვის მე-2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე იმყოფება.