„დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“,-აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ,რაზეც რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მერიის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი და მოწვეული ექსპერტი, გიორგი გობრონიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის გარდა, ყურადღება გამახვილდა, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსზე, ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და საფრთხეებზე.
ორგანიზატორების ცნობით,18 თვიანი პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ბიუროები გაძლიერდა და გაფართოვდა. ცენტრს 5 ახალი რეგიონალური ბიურო დაემატა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით 12 რეგიონალური წარმომადგენლობა აგრძელებს მუშაობას. პროექტის მეორე კომპონენტი რეგიონალური მედია ორგანიზაციების საშუალებებით საქართველოს რეგიონებში აღნიშნული თემების აქტიურ გაშუქებას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო. პროექტის ფარგლებში შეხვედრები, მრგვალი მაგიდის დისკუსიები და სემინარები რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში გაიმართება.