მესტიაში, ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძარია

მესტიაში, ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სტიქიის ზონაში დღეს, დილიდან, 45 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ცხუმარის რწმუნებულის თამაზ ხეცურიანის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა დარჩენილია კერები. მისივე თქმით, დამწვარია დაახლოებით 3-4 ჰექტრამდე ტყის საფარი.

რაც შეეხება, ეცერს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, აქ ტყის საფარი 5-6 ჰექტრამდეა დამწვარი. ცეცხლი, ძირითადად გამხმარ ფოთლებს უკიდია.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება. ძლიერი დაკვამლიანებისა და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა.

ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.