პროექტის “ევროპული კლუბი საქართველოში” ფარგლებში გერმანიის ელჩი მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს 6 საჯარო სკოლის ევროპული კლუბების წარმომადგენლები დღეს რუსთავის მე-15 სკოლაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს,  ჰუბერტ ქნირშს შეხვდნენ და ევროპულ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ღონისძიება პროექტის “ევროპული კლუბების საქართველოში” ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება ორ ძირითად საკითხზე გამახვილდა- 30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან და საქართველოს გზა ევროპისაკენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საიზოლაციო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიაში არსებობდა ბეტონის კედელი, რომელიც დაინგრა.მისივე თქმით,საქართველოსაც აქვს ასეთი უხილავი კედლები, საოკუპაციო ხაზებისა და მავთულხლართების სახით, რომლებიც ხილულად არ ჩანს, მაგრამ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ იცის, რომ არსებობს.

“გერმანია აღიარებს საქართველოს ტერიტორიების მთლიანობას.”,- ეს იყო გერმანიის ელჩის ღია და ოფიციალური განცხადება, რომელიც მან სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებს  ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმაც მიმართეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით,  ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული არეალი არ არის და ის უპირველესად ადამიანის უფლებების დაცვის მაგალითს  წარმოადგენს.

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და პოლონეთის რობერტ შუმანის ინსტიტუტის მხარდაჭერით, საპილოტე პროექტი – „ევროპული კლუბები საქართველოში” ხორციელდება.

პროექტში, რუსთავის მე-15 და მე-16 საჯარო სკოლები, ასევე თბილისის 4 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტის მიზანია, საჯარო სკოლებში ევროპული კლუბების ჩამოყალიბებით, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების, იდეების, ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.