რუსთავის მე-17 სკოლა ლევან გოთუას სახელობის გახდება

ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა ლევან გოთუას სახელობის გახდება. გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

სკოლის დირექტორის , ნელი ლიქოკელის ინფორმაციით, მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელი საზოგადო მოღვაწის სახელი უნდა ეტარებინა სკოლას, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისი განცხადებით, მე-17 სკოლის მოსწავლეები კარგად იცნობენ ლევან გოთუას შემოქმედებასა და მისი სახელის უკვდავსაყოფად გამართულ ღონისძიებებშიც არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა.

დირექტორმა აღნიშნა,რომ სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებითა და მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სკოლისთვის სახელის მინიჭების შესახებ თანხმობას განათლების სამინისტრო განაცხადებს, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა ოფიციალურად ლევან გოთუას სახელობის გახდება.

შეგახსენებთ, ქართველი მწერალი ლევან გოთუა 1905-1973 წლებში მოღვაწეობდა.ის არის ავტორი არაერთი მოთხრობისა და ისტორიული პროზის. მწერალი ავტორია ისტორიული რომანისა “გმირთა ვარამი”, რომელიც 1960-იან წლებში გამოიცა და მაშინვე ბესტსელერად იქცა.