დღეს კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის, And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენებები გაიმართება-პრემიერამდე კინოთეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფილმის აქამდე უცნობი სცენები გავრცელდა.
სტატიაში გამოყენებული ფოტო-მასალა, შესაძლოა, ჯერ არ გქონდეთ ნანახი და სურვილის მიხედვით,სპოილერებისგან თავის არიდების მიზნით,არ გააგრძელოთ კითხვა.
ლევან აკინის ამ გახმაურებულ ფილმს, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და შვედეთის სახელით ოსკარების დაჯილდოებაზე გაიგზავნა, ქართველი მაყურებელი დღეიდან ქართულ კინოთეატრებში იხილავს.
ოსკარზე წარდგენილ პირველ ქართულ გეი დრამას, And Then We Danced ჰომოფობიური დაჯგუფებები დაუპირისპირდნენ. დღეს თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილი პრემიერის პარალელურად, ე.წ. ქართული მარში, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები სეანსების ჩაშლით იმუქრებიან.
ანტილიბერალური ჯგუფები საზოგადოებაში ავრცელებენ ინფორმაციას, როგორიცაა ფილმის ნახვით “ნამუსის ახდა”, “ფილმის თვისების შეძენა”, “ვნებიანი ლტოლვის ჩამოყალიბება”. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს კინოთეატრებში ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ.
საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორების განცხადებით, ფილმი პორნო კონტენტს შეიცავს და არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია. შესაბამისად, როგორც თავად ამბობენ, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მოთხოვნით უნდა მიმართონ.
“ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას. ჩვენს მიერ დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტებს. ამ ფილმის გაშვების ორგანიზატორებს ეყოთ თავხედობა და ცენტრალურ აფიშებზე გაიტანეს ასაკობრივი ცენზის განმსაზღვრელი გრიფი, ლათინური “R”, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმის სეანსებზე დასწრების უფლება აქვთ როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს. ჩვენ დღეს არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ემოციური არჩევანის წინაშე, ფილმი ვუჩვენოთ, არ ვუჩვენოთ. არა, ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივი მოთხოვნაა, გადაიდოს ფილმის პრემიერა ექსპერტიზამდე, მასში პორნოგრაფიულ კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით,” – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ფილმის ჩვენებებს აპროტესტებს ეკლესიაც, დღეს დეკანოზმა დავით რუხაძემ ფილმის ნახვის მსურველებს მოუწოდა, კინო პრემიერის ბილეთები დახიონ და მის სანახავად არ მივიდნენ.
მისი თქმით, ფილმის ახალი კადრები,რომლებიც გავრცელდა გაუგონარია და მსგავსი შინაარსის ფილმი ახალგაზრდებზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს.
“როდესაც ახალგაზრდა, ჩამოუყალიბებელი ბიჭი უყურებს ამ ფილმს, როგორ ფიქრობთ, ფილმი არ მოახდენს მასზე ზომბირებას?” –ამბობს დეკანოზი.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-შვედურმა ფილმმა And Then We Danced ჩიკაგოს 55-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა;ოდესის კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად დასახელდა და მან ფესტივალის მთავარი ჯილდოც მოიგო. მსახიობი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად აღიარეს.კანის კინოფესტივალზე რეჟისორთა ორკვირეულის სექციაში ქართული ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ 23 შერჩეულ ფილმს შორის იყო. ბრიტანულმა ჟურნალმა, Little White Lies კი სექციიდან ის მეორე საუკეთესო ფილმად დაასახელა.
ჟურნალი, რომელიც სპეციფიკური და ნიშური კონტენტით გამოირჩევა, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, ლევან გელბახიანს, ამერიკელ მსახიობს ტიმოთი შალამეს ამსგავსებს.
მსახიობ ლევან გელბახიანს ფილმ And Then We Danced-ში შესრულებული როლისთვის სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო გადასცეს. გელბახიანი წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრულ ფილმში, And Then We Danced-ში მთავარი გმირის როლს ასახიერებს.