“ქართველი მოსწავლეების შედეგები ყველა ნაწილში გაუარესებულია”-სოფო გორგოძე

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია.

საქართველოს ყაზახეთი და აზერბაიჯანიც უსწრებს.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა, საქართველო ამ კვლევაში 2009 წლიდან მონაწილეობს . ათწლიან ციკლს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მონაცემები გაუმჯობესებულია, თუმცა 2015 წელთან შედარებით, მაინც ნაკლებია.

„oecd-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ქვეყნების საშუალო მონაცემებს თუ შევადარებთ, ათწლიან მონაკვეთში გაუმჯობესება გვაქვს. დინამიკა ზრდადია, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ წიგნიერებაში ყველაზე მეტად გვიჭირს, მათემატიკაში კი ყველაზე კარგი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საერთო სურათი სახარბიელოა, თუმცა მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით, გენდერული ბალანსი გოგონების სასარგებლოდ მეტყველებს, მათ ბიჭებთან შედარებით გაცილებით კარგი შედეგები აჩვენეს.

PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლიდან 5572-მა მოსწავლემ.

აღსანიშნავია,რომ PISA 2018-ის ტესტებში მიღებული ქულები ერთმანეთს ადარებს როგორც ქვეყნებს, ასევე PISA-ს წინა ციკლების შედეგებს.

PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნის მოსწავლეებმა – ქაღალდზე.