ხვალიდან ნიკო ლომოურის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

ხვალიდან, სასტუმრო რუსთავის გვერდით , არსებულ ნიკო ლომოურის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილება რუსთავის მერიამ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით მიიღო. საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვა 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.  კერძოდ შეზღუდვა შეეხება, მხოლოდ თბილისიდან ქალაქის გავლით მოძრავ ავტომობილებს. რუსთავიდან ლომოურის მიმართულებით მოძრავ მანქანებზე  შეზღუდვა არ ვრცელდება.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს ,ამ დროისთვის ,ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურში ტვ4-ს განუცხადეს, ფაქტობრივად დასრულებულია ბორდიურების მოწყობის სამუშაოები.

ლომოურის ქუჩაზე განსახორციელებელი სამუშაოების ფარგლებში, ჯამში ახალი სანიაღვრე სისტემა ,ტროტუარები,ბორდიურები და გზის სავალი ნაწილი მოწესრიგდება. ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზატკეცილი +” ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულება 1 136 090 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2019 წლის 15 სექტემბერს დაიწყო და 2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება. ნიკო ლომოურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ავტომობილების ინტენსიური მოძრაობის გამო, გზის გაფართოების მიზნით დაიწყო.