ბოლნისში იუსტიციის სახლი გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 24-ე იუსტიციის სახლია. იუსტიციის სახლის ფილიალი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურების მისაღებად ახლომდებარე მუნიციპალიტეტებსა და დიდ ქალაქებში ჩასვლა უწევდათ.

იუსტიციის სახლის გახსნას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ბოლნისში იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით განხორციელდა. ფილიალის საერთო ფართი 1 300 კვადრატული მეტრია. იუსტიციის სახლში ქორწინების სახლიც განთავსდა. ამ დრომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. ამიერიდან კი ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლისთვის იუსტიციის სახლის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც დასრულდება.