“გაბედეს” აქტივისტებმა ლაშა ჩხარტიშვილს იზოლატორში სიმბოლურად ლობიანები შეუგზავნეს

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა ქვემო ქართლის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ლაშა ჩხარტიშვილს საკვები პროდუქტი და სიმბოლურად ლობიანები შეუგზავნეს.

მოძრაობა “გაბედეს” ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ლაშა ჩხარტიშვილი მშვიდობიან აქციაზე ლობიოს გადაყრის გამო დააკავეს და ამისთვის 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს და სწორედ ამიტომ შეუგზავნეს დღეს სიმბოლურად მას ლობიანები დროებითი მოთავსების იზოლატორში.

“ლაშა ჩხარტიშვილი რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ციხეში ჩასვეს იმის გამო, რომ რამდენიმე მარცვალი ლობიო, მშვიდობიან აქციაზე უბრალოდ ჰაერში ააგდო. ედავებიან იმას, თითქოს ამ ფაქტით მან სამართალდარღვევა ჩაიდინა. ამის გამო ადამიანი გაწირეს ციხისთვის და რვა დღე მიუსაჯეს. დღეს ჩვენ მოვიტანეთ სიმბოლურად ლობიანი და იმედი გვაქვს, რომ ამის გამო მას ბრალი არ დაუმძიმდება, კიდევ უფრო მეტად. ყოველ შემთხევაში ფაქტია, რომ ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიები, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია”, – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.