დავით მუმლაძის მკვლელობის საქმე-დაკავებულების წინასასამართლო სხდომა 20 იანვრისთვის გადაიდო

რუსთავის საქალაქო სასამართლოში,დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების:  გიორგი ასათიანის, გიორგი გეთაშვილის, დავით მიროტაძის, მიხეილ ღუბიანურისა და დიმიტრი დუღაშვილის წინა სასამართლო სხდომა 20 იანვრისთვის გადაიდო. პროკურატურამ, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი ოქტომბერში დააკავა.

სხდომა გამოძიების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. გასულ კვირას ,დაცვის მხარემ  სასამართლოს აღმკვეთის ღონისძიების ფორმის პატიმრობის გადახედვის შუამდგომლობით მიმართა , თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ხუთივე პირი  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურსა და დავით მიროტაძეს, ასევე ყოფილ პოლიციელს დიმიტრი დუღაშვილს, ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლითა აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღვეთას გულისხმობს, გიორგი ასათიანს ბრალი სსკ-ის 109 მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, გიორგი გეთაშვილს სსკ-ის 143 მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3,ა-თი, რაც ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას გულისხმობს. სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს – ზურაბ ჯღარკავას ეძებენ.

პროკურატურის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალში აღნიშნულია, რომ გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით, მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა.

გამოძიების ინფორმაციით, განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის. პროკურატურის ბრალდებაში აღნიშნულია, რომ გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე, ჩასვა საკუთარ ავტომობილში და გლდანის მიმართულებით წაიყვანა, სადაც მას უკვე ელოდნენ მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიმიტრი დუღაშვილი. ამ უკანასკნელებმა გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს მუმლაძე, ჩამოართვეს პირადი ნივთები და პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საკუთარ მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მათ დავით მუმლაძე ჩაიყვანეს ქალაქ რუსთავში, სადაც შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, მათ კი თავისუფლება უკანონოდ აღკვეთილი დავით მუმლაძე იძულებით ჩასვეს ავტომობილ მერსედესში და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რუსთავში მდინარე მტკვრის პირას, სადაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც გამოიწვია დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა.