ახალი სატრანსპორტო საშუალებები პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოსთვის. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამ წუთებში, რუსთავის N16 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
Update: რუსთავში, N16 დაწესებულების ბაზაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს ჯამში 20 კვადროციკლი გადასცა.
მინისტრმა დანაყოფის თანამშრომლებს ახალი ტექნიკის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ გარე დაცვის სამმართველო ახალი სტრატეგიით იმუშავებს, რომლის ფარგლებში მობილური ჯგუფების შექმნა იგეგმება.
„მობილური ჯგუფები პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრს ბევრად უფრო ეფექტიანად გააკონტროლებენ, რადგან აქამდე გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პენიტენციური დაწესებულებების გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად უწევდათ ფეხით სიარული, ან უკეთეს შემთხვევაში, მორიგე მანქანით, თუმცა მანქანით დაწესებულებების მთლიანი გარე პერიმეტრის გაკონტროლება რთული ლანდშაფტური რელიეფის გამო ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა. კვადროციკლებით კი, მოცემული ტერიტორიების სრულად შემოვლა და ეფექტური პატრულირება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, ახალი ტექნოლოგიების და სხვა აღჭურვილობის დახმარებით პენიტენციური დაწესებულებების პერიმეტრისა და ბუფერული ზონების დაცვა ისე უნდა გაძლიერდეს, რომ გარე დაცვის სამმართველოს მიერ შესაძლებელი გახდეს დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვა ნაკლები ადამიანური რესურსით.
ამასთან, მინისტრის ცნობით, 2019 წელს პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი ესკორტის სამსახურის გაძლიერება , ხელფასების ზრდა და სრულად აღჭურვა იყო , 2020 წელს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარე დაცვის სამმართველოს გაძლიერება იქნება, მათ შორის აღჭურვილობით, ტექნიკით უზრუნველყოფა და ხელფასების მატება.