“მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის“-ილია II

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო წირვა ჩატარდა.წირვის დასრულების შემდეგ ილია II-მ მრევლს მიმართა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ნამდვილად არის ისტორიული დღე. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვეფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება, შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ, სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულის“, – განაცხადა ილია მეორემ.

წირვას ესწრებოდნენ მმართველი გუნდის ლიდერები,რომლემბაც მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

“უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას”-განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პატრიარქის ღვაწლის შეფასება შეუძლებელია

“შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და საქართველოს მთავრობის სახელით ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს, ვულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და ბევრი, ბევრი ხანი, ბევრი წლები მწყემსოს კიდევ ჩვენი საქართველო“”-განაცხადა გიორგი გახარიამ.