ე.წ. გამშვები პუნქტი ახალგორელი პაციენტებისთვის სპეციალური პირობებით იხსნება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ ახალგორში მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მისაღებად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ნებართვა მისცა.

სააგენტო „კომინფოს“ ინფორმაციით, შეხვედრა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამართა.

მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ და გადაუდებელ სამედიცინო და მაღალტექნოლოგიურ დახმარებას საჭიროებენ, ოკუპირებული საზღვრის გადაკვეთის და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლა შეეძლებათ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება შეიქმნას პირობები, რომ ახალგორის მოსახლეობამ, რომლებსაც არც სამხრეთ ოსეთის და არც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ, საპენსიო ფონდში დარეგისტრირებამდე პენსია მიიღონ.

რამდენიმე თვეა, რაც საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს. ამ ხნის განმავლობაში გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა და მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიღების საშუალებასაც არ აძლევდნენ.

ახალგორის ერთ-ერთი მაცხოვრებელი მარგო მარტიაშვილი დროული სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარებამ სახლიდან მძიმე მდგომაროებაში გამოიყვანა და თბილისში წაყვანა სცადა, თუმცა ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალში გადაამისამართეს, სადაც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს თამარ გიგაურს, რომელიც ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.