სოკოს საწარმოში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

სოკოს საწარმოში „თეთრი ქუდი“  ჩატარებული  მონიტორინგის  შედეგად, გარემოსდაცვითი ზედმახედველობის დეპარტამენტმა დაღრვევები  გამოავლინა.  დეპარტამენტმა ოფიციალურ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა.

უწყების ცნობით,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  სოკოს საწარმოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

“ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შპს „თეთრი ქუდი“ კუთვნილ სოკოს საწარმოში, ნარჩენების აღდგენას კომპოსტის დამზადებით ახორციელებს. ეს საქმიანობა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სკრინინგის პროცედურის გავლას ექვემდებარება , რაც შპს „თეთრი ქუდის“ მიერ არ განხორციელებულა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 797 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, შპს „თეთრ ქუდს“ არ გააჩნია ნარჩენების მართვის გეგმა, რაც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კოდექსის 43-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და ასევე – კომპანია არ ახორციელებს წარმოებაში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების სეპარირებას, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას”,- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედმახედველობის დეპარტამენტის ოქმში.

ზემოაღნიშნულ დარღვევებზე დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, 2019 წლის 3 დეკემბერს, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები, რომლებიც სასამართლოში გადაიგზავნება.

შეგახსენებთ,სოკოს საწარმოს “თეთრი ქუდის” წარმოების პროცესს და ქალაქში უსიამოვნო სუნს რუსთაველები  რამდენიმე თვე აპროტესტებდნენ.