ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო- საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაკარგულ მამაკაცებს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს აწარმოებს. მათი ინფორმაციით, საძიებო სამუშაოებში დილიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური ჩაერთო. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მუშაობა, ასევე, განაახლა ვერტმფრენმა.

ადგილზე იმყოფებიან დაკარგული მამაკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები.

შეგახსენებთ, რომ დაკარგული მამაკაცების ახლობლების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცები ჯანდარაში სანადიროდ ჩამოვიდნენ, ტბაში ნავით შევიდნენ და ძლიერი ქარის შემდეგ გაუჩინარდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ დაკარგულები დინებამ აზერბაიჯანის მხარეს წაიღო.