პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლე სავარაუდოდ, ნაჯახით მოკლა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს – ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.