პრემიერი რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე-გადაწყვეტილება მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისად

თუ საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მაშინ პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და სხვა გამოსავალს ვპოულობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე კომენტარი მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა. 

მისი განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა და მათ შორის, ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა,რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება  გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.