არაქართულენოვანი სკოლების წიგნების თარგმნისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო VII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების  და ლევან კიკალიშვილის ავტორობით შექმნილი V-VI კლასის ფიზიკური აღზრდის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თარგმნისთვის მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

სახელმძღვანელოები რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უნდა გადაითარგმნოს და ის არაქართულენოვანი სკოლებისთვის იქნება განკუთვნილი. კანონმდებლობის თანახმად სახელმძღვანელოების თარგმანს, ახორციელებენ გრიფირების კონკურსში გამარჯვებული გამომცემლობები (საავტორო უფლების მქონე პირები), თუ რომელიმე მათგანი უარს განაცხადებს, ამ შემთხვევაში მომსახურებას სხვა ორგანიზაციას უკვეთავენ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აღნიშნულ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით განახორციელებს და ჯამში 1 023 431.37 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულების ვადა 2020 წლის 20 იანვრიდან ამავე წლის პირველ ივნისამდეა.