ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო ორ თვეში ცოფის 5 შემთხვევა დაფიქსირდა

Update: ქვემო ქართლის რეგიონში დეკმბრისა და იანვრის თვეში ჯამში ცოფის 5 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა Tv4-ს განუცხადა, დეკემბერში ცოფის 3 შემთხვევა ძაღლებში  და მსხვილფეხა პირუტყვში გამოვლინდა, 1 შემთხვევა დაფიქსირდა იანვრის თვეში.

სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ცოფის  საწინააღმდეგო უფასო  ვაქცინაციას, როგორც გეგმიურად ,ასევე არაგეგმიურად ახორციელებს. ვაქცინაცია შესაძლებელია ასევე,  მოსახლეობის მიმართვიანობის საფუძველზე.

რაც შეეხება სტატისტიკას, სააგენტოს ცნობით, ამ მხრივ რეგიონში მატება არ შეინიშნება.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, თბილისში, ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. სამსახურის ინფორმაციით,  ერთი სოფელ დიღომში, ხოლო მეორე ვაზისუბანში დაფიქსირდა ,ორივე შემთხვევაში ცოფი პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად.

ამასთან, ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დაავადებული ცხოველების დაკბენით , დაკაწვრით ან დადორბვლით გადადის. ცოფით ავადდება ადამიანიც. მსოფლიოში ცოფით ყოველწლიურად 55 ათასი ადამიანი იღუპება.ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს.