ნარკოდანაშაულისთის პოლიციამ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად, პოლიციამ 110 აბი „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, ასევე, „ჰეროინის“ და „მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკები.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.