რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისგან დაცვის პროექტი-რა ეტაპზეა სამუშაოები?!

  რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის პროექტის სამუშაოები გრძელდება-ამის შესახებ ინფორმაცია Tv4-ს პროექტის მენეჯერმა მიაწოდა.
 
კონსტანტინე ხაზალიას ცნობით, ამ ეტაპზე, ქალაქის ქუჩებისა და მიკრორაიონების დაცვის მიზნით, რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოების 50%-ია შესრულებული.
 
კერძოდ, პროექტის მენეჯერის ინფორმაციით,  საუბარია პროექტის იმ ნაწილზე , სადაც სამუშაოები  რუსთავი-წითელი ხიდის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მიმდებარედ სრულდება, სამუშაოები 300-500 მეტრამდე მონაკვეთზეა შესასრულებელი.
 
რაც შეეხება მეორე ნაწილს ,ქალაქის მიმდებარედ,  ქვედა ნაწილში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები 800 მეტრიან მონაკვეთზეა დარჩენილი.
 
მენეჯერის ცნობით, პროექტის ბოლო ეტაპზე, ორივე მონაკვეთის შეერთება მოხდება . ასევე პრობლემურ ქუჩებზე, 1000 მილიმეტრიანი სანიაღვრე მილები მოეწყობა,რომელიც ქუჩებიდან წვიმის შედეგად დაგროვილ ღვარცოფს გამოიტანს და ცენტრალურ სანიაღვრე არხს შეუერთდება. შესაბამისად, სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ქალაქის პრობლემური ქუჩებიდან წყლისა და ღვარცოფული ნაკადის გადინება იქნება უზრუნველყოფილი. 
 
პროექტის მენეჯერის ცნობით,სამუშოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
 
შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით.
 
არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში ეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან.
 
ქალაქში მსხვილმასშტაბიან პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 12 500 000 ლარია.
 
ფოტო: Tv4-ის არქივიდან, არ ასახავს დღეს არსებულ რეალობას.