ამირან გამყრელიძე-უარესდება ეპიდსიტუაცია ირანში, რომელიც გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  საქართველოში მისაღებ შესაბამის ზომებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით შექმნილი საბჭო მსჯელობს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელი მონაცემებით, ქალაქ ყუმში ორი გარდაცვალება და ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან, გარდაცვლილთა რიცხვი არის დაახლოებით ხუთი, ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეული. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, უარესდება ეპიდსიტუაცია ირანში, რომელიც გახლავთ ჩვენი მეზობელი ქვეყანა, მასთან გვაქვს ინტენსიური ტურისტული თუ ბიზნეს ურთიერთობები. ამიტომ საკოორდინაციო საბჭო, რომელიც არის შექმნილი პრემიერის განკარგულებით კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, გუშინ და დღეს მსჯელობს შესაბამის ღონისძიებებზე. მე ვარ საბჭოს წევრი, ჩემი რეკომენდაცია მივეცი, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო…ირანში ეპიდსიტუაციის გაუარესება მისი მეზობელი ქვეყნებისთვის სერიოზული პრობლემაა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, საქართველოშიც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე – დედა და ორი შვილი შეიყვანეს. ოჯახი ქალაქ ყუმიდან არის. მოზარდებს ტემპერატურა აღენიშნებოდათ. დღეს ცნობილი გახდა, რომ მათ კორონავირუსი  არ დაუდგინდათ.