აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს და ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. “სირცხვილის კორიდორებისა” და შეძახილების ფონზე მოუწია რამდენიმე დეპუტატს პარლამენტში შესვლა.

საკანონმდებლო ორგანოსთან,ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში, უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად ადრე შევიდნენ.

„ჩვენ მშვიდობიანად და მტკიცედ ვაპირებთ მუდმივად ამის შეხსენებას. რაც უნდა შეეცადოს უმრავლესობა თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით, ჩვენ დავინახეთ, რომ 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციას, გაბრაზებულ ადამიანებს შეარქვას და მოძალადეების იარლიყი მიაწებოს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, კარგად ხედავს, რომ ჩვენ გვყავს მატყუარა და ამავე დროს, მოძალადე ხელისუფლება. შესაბამისად, ასე ფეხდაფეხ ვივლით. კი, ბატონო, დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, ადრე შეძვრნენ შენობაში, დაიმალონ. აი, ეს არის ჩვენი ამოცანა, რადგან ამ ადამიანებს თავი არ აქვთ გამოსაყოფი და ჩვენ ამას მუდმივად შევახსენებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. “ლელო საქართველოსთვის” წევრები.პარტიის წევრების განცხადებით, “ლელო საქართველოსთვის” მიზანია, რომ ქვეყანაში სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო არსებობდეს და დაძაბულობას არ ჰქონდეს ადგილი.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ლეიბორისტულმა პარტიის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა.

 

„აი ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და დიქტატორულ მმართველობას ქვეყანაში, ოღონდ მშვიდობიანად“ ,- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

პარლამენტის შესასვლელებთან სადაც აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები დგანან, მობილიზებულია პოლიცია.