“ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია”-მაჭავარიანი

 ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ანგარიშვალდებულების კუთხით,იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მაჭავარიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე არმისვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ პარლამენტში არასდროს არცერთი მინისტრი არ მისულა იმდენჯერ, რამდენჯერაც თავად იმყოფებოდა.

“ანგარიშვალდებულების კუთხით, ნახეთ, შეამოწმეთ, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ამაზე მეტჯერ თუ ყოფილა მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო 6 თვეში ან 2019 წლის განმავლობაში. შეიძლება იარო, მაგრამ არაფერი ილაპარაკო, ხარისხობრივ ნაწილზეც გეტყვით. იმ კითხვებზე პასუხს, რა შეკითხვებიც იყო გამოგზავნილი, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ნახევარი დრო დავუთმე თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს არცერთმა ამ შეკითხვის გამომგზავნმა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო სხდომას. იქ ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო?! ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარსობრივი ნაწილი არ აინტერესებთ? იმაზე დეტალურად რა უნდა მელაპარაკა კომიტეტის სხდომაზე, რაც „მინისტრის საათის“ განმავლობაში ვისაუბრე?! არ აინტერესებდათ!“ – განაცხადა მაჭავარიანმა.