სტიქია ბოლნისში – ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა (+ფოტო)

ძლიერი ქარის შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთს ზიანი მიადგა.

დაბა კაზრეთში ძლიერმა ქარმა N2 საჯარო სკოლის სახურავის ერთი ნაწილი მოხადა. დაბაში ასევე, საცხოვრებელი სახლის სახურავიც დაზიანდა.

სტიქიამ სოფელ ბალიჭში, საცხოვრებელი სახლის სახურავები 15 ოჯახს დაუზიანა. ქარმა სახურავი მოხადა ასევე, სოფელში არსებულ რიტუალების სახლსაც.

სოფელ დარბაზში სტიქიამ ორი მოსახლის საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად მოხადა. 11 მოქალაქის საცხოვრებელ სახლს კი ნაწილობრივი ზიანი მიადგა.

ქვემო ბოლნისში ამბულატორიისა და 9 მოქალაქის სახლების სახურავები ნაწილობრივ დაზიანდა. ერთ მოქალაქის სახლს კი სტიქიამ სახურავი მთლიანად გადახადა.

სოფელ ბოლნისში შვიდი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.