ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გაწერის გზით, ერთმანეთში განახორციელეს ხის მასალის ფიქტიური მიწოდებები, რითაც, ერთ-ერთ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა ხის მასალის ნაშთი და დღგ-ს აქტივი, რომელიც შემდგომში ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი 100 000 ლარს აღემატება” – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4 -დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.