მარნეულსა და ბოლნისში მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება გრძელდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში სკრინინგის შედეგად, 4 ადამიანს გამოუვლინდა ტემპერატურა და მათთან ამ ეტაპზე შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპამდე მხოლოდ მარნეულში 15 ათასამდე ადამიანს ჩაუტარდა კვლევა.

“ჩვენ ვაზღვევთ მოსახლეობას და ჩვენი ძალებით, ექიმების ჩართულობით, ვიკვლევთ ყველა ოჯახში შემადგენლობას. 15 ათასი ადამიანი შემოწმდა დღეს მარნეულში. აქედან 4 იყო ტემპერატურით. გადამოწმდა ყველაფერი და არ არის სიმპტომატიკა,” – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, კარანტინის ზონებში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტი არ არსებობს. ასევე, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სატრანზიტო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დღის განმავლობაში, ადგილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ , რომლებიც საკარანტინო ზონებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ .