“დაახლოებით, 10 დღის შემდეგ შეიძლება კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა დაახლოებით ერთი კვირა, ან 10 დღე, ქვეყანა პრე-კრიტიკულ ფაზაში იყოს და ამის შემდეგ კრიტიკულ ფაზაში შევიდეს. ეს განცხადება მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმში” გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო მეთოდი სოციალური დისტანცირებაა.

“ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე, ჩვენ კიდევ ვიქნებით პრე-კრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შეიძლება შევიდეთ კრიტიკულ ფაზაში.

ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ დრო და შევამოკლოთ დღეების რაოდენობა კრიტიკული ფაზისა, რომ მაქსიმალური ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა დღის განმავლობაში გვქონდეს, რადგან ძალიან დიდი დაწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემაზე.

შემთხვევები გვაქვს, გვექნება, გაიზრდება, სასურველია იყოს ერთეული და ერთი ან ორი ათეული და არა რამდენიმე ათეული და ასეული. მთავარი მიზანი დღეს, ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, საზოგადოება თუ არ ამოუდგა გვერდით.

მიხარია რომ ეს სოლიდარიზმი არსებობს. საუკეთესო მეთოდი რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არის სოციალური დისტანცირება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.