მარნეულში ინფიცირებულ პაციენტთან დაკავშირებული 90-მდე კონტაქტია მოძიებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მარნეულში ინფიცირებულ ქალთან დაკავშირებული 90-მდე კონტაქტია გამოკვეთილი.

მისივე თქმით, მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის უშუალო წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს იმაზე, გაზრდის თუ არა მარნეულის შემთხვევა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„საკმაოდ ბევრი კონტაქტი გამოიკვეთა და მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვეტყვის, რამდენად გაიზრდება ან არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა მარნეულის საფუძველზე. უშუალოდ წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, რადგან ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ იყო დიდი სარიტუალო სუფრა, სადაც გახლდნენ, როგორც აზერბაიჯანიდან შემოსული ადამიანები, აგრეთვე ადგილობრივები.

პაციენტის მდგომარეობა დანარჩენ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა, მრავალი ფაქტორია, რამაც ასეთი მდგომარეობა გამოიწვია, ერთი მიზეზი არ არის” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.