გოგი მეშველიანი-13 ადამიანზე ჩატარებული ტესტებიდან ერთმა,კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა

“დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სპეციალური ტესტების ნაცხი 13 ადამიანს აუღო,რომელთაგან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი”-ამის შესახებ ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა tv4-ს განუცხადა. 

გოგი მეშველიანის განცხადებით, 13 ადამიანს ,რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ, მარნეულში მცხოვრებ ინფიცირებულ ქალთან ჰქონდათ შეხება და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მისივე ცნობით, ქალბატონი,რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მარნეულელი პაციენტის ნათესავია. 

“ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალბატონი,რომელსაც არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა და გამოკვლევის შედეგად  მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ქალბატონი მარნეულში ინფიცირებული ქალის ნათესავია და ის,დანარჩენ 12 ადამიანთან ერთად, რომლებსაც ტესტი ჩაუტარდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

პაციენტი სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი,სადაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ჩაუტარდება”-განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა

ამასთან, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოები ერთი კვირის ვადაში დასრულდება და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიას მოიცავს.რაც შეეხება პროდუქტებს და სააფთიაქო მარაგს, დეპუტატის ინფორმაციით, ამ კუთხით საკითხების გადაწყვეტა პერმანენტულ რეჟიმში ხდება. 

“სოფლებიდან გარკვეული შეტყობინებები გვაქვს ,რომ ამა თუ იმ პროდუქციის ნაკლებობა აქვთ, აქტიურად ვმუშაობთ სურსათის უვნებლობის საკითხებზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროა აქტიურად ჩართული  და ყველა საკითხი დროულად წყდება,ამ მიმართულებით არც დღეს და არც ახლო მომავალში გართულებებს არ ველოდებით.

სამკურნალო საშუალებების დეფიციტი არ გვაქვს, აფთიაქებში ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება მომარაგება. რასაც მოქალაქეები ითხოვენ, ეს არის პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები,რომელთა დეფიციტი,ისევე როგორც მთელ ქვეყანაში ,არის ბოლნისშიც. ამის გადასაწყვეტად ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ უკვე შევქმენით გარკვეული მარაგი.აქედან პირველ ეტაპზე , პირბადეები იმ ადამიანებს დაურიგდებათ,რომლებსაც რისკჯგუფებთან აქვთ შეხება “-განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა