მარნეულ-ბოლნისის გზაზე მოწყობილ გამშვებ პუნქტზე მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

 მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტზე შსს-ს თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ერთ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოუჩინეს.

ის ადგილზე მოწყობილ ლაზარეთში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა გასინჯეს. რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც მოქალაქე კლინიკაში  გადაიყვანა.

მოქალაქეს აქვს მაღალი ტემპერატურა, ხველა და  სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

სავარაუდოდ მოქალაქეს დღესვე აუღებენ ტესტს და ლაბორატორიაში კვლევაზე გადააგზავნიან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შსს-ს თანამშრომლებმა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა  აღნიშნული მოქალაქის  კონტაქტები უკვე დაადგინეს და მათაც გამოიკვლევენ.