რუსთავის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა

 რუსთავის საქლააქო სასამართლოში ,სასამართლო სხდომები დისტანციურ რეჟიმში წარიმართა-ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომის დარბაზში არსებული კომპიუტერული ტექნიკა სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმში წარსამართავად  გამოიყენეს.

“რუსთავის საქალაქო სასამართლო ითვალისწინებს რა ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებას კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით და ამასთან, მოწოდებულია მართლმსაჯულების შეუფერხებლად განსახორციელებლად, მიიღო გადაწყვეტილება სასამართლო სხდომის დარბაზებში არსებული კომპიუტერული ტექნიკა გამოყენებულიყო სასამართლო სხდომების დისტანციურ რეჟიმში წარსამართავად. დღეს ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი გახდა ერთ-ერთ მრავალ პირიან (ბრალდებულიან) სისხლის სამართლის საქმეზე დისტანციურად მიეღო მონაწილება სამ ადვოკატს, რომლებიც, ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვების და კორონავირუსის გავრცელების პრევენციული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ობიექტურად ვერ ახერხებდნენ სასამართლოში გამოცხადებას.”-ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მათივე ცნობით, სასამართლო სხდომის დისტანციურ რეჟიმში წარმართვის გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა მიიღო. ამავე პრინციპით სასამართლოში რამდენიმე სხდომა მოეწყობა.

“ამ იდეის რეალური განხორციელება შესაძლებელი გახდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ქალბატონი ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით. ამავე სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, ბატონი გიორგი გიგოლაშვილის და IT სპეციალისტის, ქალბატონი ნელი უფლისაშვილის უშუალო ძალისხმევით. ამასთან, აღსანიშნავია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თანადგომა, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს საჭიროებებზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში კვირის ბოლომდე ამავე პრინციპით მოეწყობა რამდენიმე სასამართლო სხდომის დარბაზი, რაც შესაძლებელს გახდის სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეებზე სასამართლო სხდომები წარვმართოთ დაინტერესებული მხარეების დისტანციური მონაწილეობით. აღნიშნული ერთის მხრივ შეამცირებს სასამართლოში გამოსაცხადებელ პირთა რაოდენობას, რაც უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად და ამასთან, დაიცავს მხარეთა უფლებას, მიიღონ შეუფერხებელი მართლმსაჯულება.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი სოლიდარობით და თავდადებით შევძლებთ გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევას და დავიცავთ ერთმანეთსა და საზოგადოებას.”-ნათვქამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.