საქართველოში კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ 3 პაციენტს პირველი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კი განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ.

„10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და პერიოდულად, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით მიდის პაციენტების მონიტორინგი. როცა მათ გამოჯანმრთელებას ველით, მათ კვლევას ვიწყებთ pcr ტესტირების სახით. ასეთი ტესტირება გუშინ ჩატარებული იყო 3 პაციენტთან და იყო უარყოფითი პასუხი, ჩვენ ახლა ველოდებით 24 საათის გასვლის შემდეგ განმეორებით ტესტირებას, რის შედეგებსაც მოგახსენებთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.